ლუდის მოხარშვა სახლში დამწყებთათვის

ლუდის მოხარშვა სახლში დამწყებთათვის

პირველი ლუდის მოხარშვა ერთი შეხედვით რთულ ქიმიურ პროცესად შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ ლუდის მოხარშვა სახლში ბევრად მარტივია, ვიდრე გგონიათ. დამწყებთათვის საუკეთესო გზა ალაოს ექსტრაქტით დაწყებაა: ძვირადღირებულ აპარატურას არ მოითხოვს, დროს გიზოგავთ და პირველივე ცდაზე სტაბილურ შედეგს იძლევა.

ამ გზამკვლევში ნაბიჯ-ნაბიჯ განვიხილავთ, რა გჭირდებათ პირველი პარტიისთვის და როგორ მიიყვანოთ საქმე ბოთლში ჩამოსხმამდე.

რა გჭირდებათ პირველი პარტიისთვის

მოკლე სია ქვემოთაა. დეტალური ჩამონათვალი — ექსტრაქტით და მარცვლეულით ხარშვისთვის ცალ-ცალკე — ჩვენს სტატიაშია „რა მჭირდება ლუდის მოსახარშად“.

  • ალაოს ექსტრაქტი: დამწყებთათვის იდეალურია მზა ექსტრაქტები, მაგალითად Mangrove Jack's Irish Stout ან Golden Lager. მოყვება თუ არა საფუარი, ნახეთ პროდუქტის გვერდზე; თუ არა, დაამატეთ ლუდის საფუარი.
  • სადუღარი ჭურჭელი თავსახურით: საკვებისთვის განკუთვნილი პლასტმასის ავზი, რომელშიც ტკბილი (ლუდის ნახარში) დუღს. ავზს შეგიძლიათ დაუმონტაჟოთ მბრუნავი ონკანი — ჩამოსხმა ბევრად გაგიმარტივდებათ.
  • ჰაერსაკეტი: მინი საჰაერო საკეტი ნახშირორჟანგს გარეთ უშვებს, ჰაერსა და ბაქტერიებს კი შიგნით არა.
  • არეომეტრი: არეომეტრით ზუსტად გაიგებთ, როდის დასრულდა დუღილი და რამდენი ალკოჰოლი აქვს ლუდს.
  • თერმომეტრი: თხევად-კრისტალური თერმომეტრი ავზს ეკვრება და მუდმივად აჩვენებს ტემპერატურას.
  • სადეზინფექციო ხსნარი: ლუდის ხარშვისთვის განკუთვნილი, ჩამორეცხვას რომ არ საჭიროებს.
  • დექსტროზა და ბოთლები: დექსტროზა ბოთლში ბუნებრივი გაზიანობისთვის (კარბონიზაციისთვის). დამწყებთათვის კარგად გამოდგება სუფთა PET ბოთლები თავსახურით.

ლუდის ხარშვა დამწყებთათვის: 5 ნაბიჯი

1. დეზინფექცია — ნაბიჯი, რომელსაც არ უნდა გადაახტეთ

პირველი პარტია ყველაზე ხშირად არასაკმარისი სისუფთავის გამო ფუჭდება. ყველაფერი, რაც გაგრილებულ ტკბილს შეეხება — სადუღარი ჭურჭელი, კოვზი, ჰაერსაკეტი, თერმომეტრი — ჯერ გარეცხეთ, შემდეგ კი სადეზინფექციო ხსნარით დაამუშავეთ.

2. ტკბილის მომზადება და გაგრილება

ალაოს ექსტრაქტი გახსენით ცხელ წყალში მწარმოებლის ინსტრუქციის მიხედვით, გადაასხით სადუღარ ჭურჭელში და შეავსეთ ცივი, სუფთა წყლით სასურველ მოცულობამდე. საფუარის დამატებამდე დაელოდეთ, სანამ ტემპერატურა 18–24°C-მდე დაიწევს (ელებისთვის).

3. საფუარის დამატება და დუღილი

გაგრილებულ ტკბილს მოაყარეთ საფუარი, მჭიდროდ დაახურეთ თავსახური და დაამაგრეთ ჰაერსაკეტი. ჭურჭელი დადგით ბნელ ადგილას, სადაც ტემპერატურა სტაბილურია. დუღილს დაახლოებით 2 კვირა სჭირდება — ნუ იჩქარებთ.

4. ჩამოსხმა და კარბონიზაცია

დუღილი დასრულებულია, როცა არეომეტრი 2–3 დღის განმავლობაში ერთსა და იმავე სიმკვრივეს აჩვენებს. ლუდი გადაასხით სუფთა ბოთლებში, თითოეულს დაუმატეთ დექსტროზა (დაახლოებით 3–4 გრამი 0.5-ლიტრიან ბოთლზე), მოხუფეთ და გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე კიდევ 1–2 კვირა.

5. გაციება და დაგემოვნება

კარბონიზაციის შემდეგ ბოთლები მაცივარში შედგით მინიმუმ 24–48 საათით. ამის შემდეგ თქვენი პირველი სახლში მოხარშული ლუდი მზადაა.

დაიწყეთ პირველი პარტია

ალაოს ექსტრაქტი, საფუარი, არეომეტრი და ჰაერსაკეტი ერთ შეკვეთაში შეგიძლიათ შეიძინოთ ინგრედიენტების და ინვენტარის კატეგორიებიდან. თბილისში, შემოგარენსა და რუსთავში შეკვეთას თავად მოგიტანთ, რეგიონებისთვის კი თბილისში შეთანხმებულ ადგილამდე — დეტალები მიწოდების პირობებშია. თუ არ იცით, რომელი ექსტრაქტით დაიწყოთ, დაგვირეკეთ: +995 551 68 88 86.

ხშირად დასმული კითხვები

რამდენი ხანი სჭირდება სახლში ლუდის მოხარშვას?

ექსტრაქტით მომზადებას 1–2 საათი სჭირდება. დუღილს დაახლოებით 2 კვირა, ბოთლში კარბონიზაციას კიდევ 1–2 კვირა. სრული ციკლი საშუალოდ ერთი თვეა.

რა განსხვავებაა ექსტრაქტით და მარცვლეულით ხარშვას შორის?

ალაოს ექსტრაქტი უკვე მომზადებული, კონცენტრირებული ტკბილია, ამიტომ დამწყებს საქმეს უმარტივებს. მარცვლეულით (all-grain) ხარშვა მეტ დროს, გამოცდილებასა და აღჭურვილობას მოითხოვს, სამაგიეროდ რეცეპტზე სრულ კონტროლს გაძლევთ.

რა არის ყველაზე გავრცელებული შეცდომა დამწყებებში?

არასაკმარისი დეზინფექცია და ნაადრევი ჩამოსხმა. ორივე ლუდის გემოს აფუჭებს — დაელოდეთ, სანამ არეომეტრი სტაბილურ მაჩვენებელს აჩვენებს.